საქართველო გადადის კონვენციური თავდაცვის პრინციპიდან ტოტალური თავდაცვის პრინციპზე. პირველ რიგში აგიხსნით თუ რას ნიშნავს ეს პრინციპები.
კონვენციური თავდაცვაა, როცა იბრძვის ჯარისკაცი. ეს არის ომი კლასიკური გაგებით – ქვეითები, არტილერია, ავიაცია… კონვენციურ თავდაცვაში ჯარის დამარცხება ნიშნავს ქვეყნის დამარცხებას.
ტოტალური თავდაცვაა, როცა იბრძვის ყველა და ყველანაირად, შენი ჩათვლით.
ტოტალური თავდაცვის პრინციპზე გადავდივართ იმიტომ რომ თავდაცვის ლოგიკური გზა არის ეს. ამას რამდენიმე გზით ავხსნით. 2008 წელს საქართველო მოწყობილი იყო მთლიანად კონვენციურ მოდელზე, რაც ნიშნავდა იმას რომ თუ ჯარი დამარცხდებოდა, მარცხდებოდა ქვეყანა. კონვენციური თავდაცვის მოდელი გამოსადეგარია ქვეყნებისთვის, რომლებიც ძირითადად ქვეყნის გარეთ აწარმოებენ ოპერაციებს. მაგალითად – რუსეთი. თუმცა ქვეყნის შიგნით თავდაცვისთვის მხოლოდ ჯარზე დაყრდნობა არასწორია. ჯარი არის საწელმწიფო ერთეული, რომელსაც ხელფასს ვუხდით ბიუჯეტიდან, ჩვენი გადახდილი გადასახადებით. როცა ჩვენს სახლს ცეცხლი უკიდია, მხოლოდ მეხანძრეების იმედზე ვართ და ჩვენ თვითონ არ ვასხავთ წყალს? თუ კი, მაშინ ქვეყანა ჩვენი სახლი არ არის? როცა ქვეყანას უტევენ მაშინ რატომ ვართ თამაშგარე მდგომარეობაში და მხოლოდ პროფესიით ჯარისკაცების იმედზე? ჩვენს რეალობაში ჯარისკაცი არის ყველაზე გამოცდილი, ყველაზე ძლიერი ადამიანი ვინც არის ჩართული ოპერაციების მართვაში. ხოლო ოპერაციების შემსრულებლები ვიქნებით არც მეტი და არც ნაკლები – ჩვენ. შემდგომი 3 აბზაცი წაიკითხე თუ დარწმუნებული არ ხარ იმაში თუ რატომ უნდა იომო. თუ ახსნა არ გჭირდება თუ რატომ უნდა დაიცვა ქვეყანა, მაშინ შეგიძლია შემდეგი 3 აბზაცი გამოტოვო:
როცა ხედავ რომ შენი სახლი იწვის იძახებ სახანძროს, მაგრამ სანამ არ მოვლენ უბრალოდ ზიხარ და უყურებ? როცა ხედავ რომ ადამიანი იხრჩობა იძახებ სასწრაფოს, მაგრამ სანამ მოვლენ უბრალიდ ზიხარ და უყურებ? როცა ხედავ რომ ყაჩაღები ცდილობენ შენი შვილის გატაცებას, იძახებ პოლიციას, მაგრამ სანამ არ მოვლენ უბრალოდ უყურებ?
ახლა წარმოიდგინე, რომ ეს ყაჩაღები არიან ავტომატებით შეიარაღებული რუსების სამხედრო ფორმირებიდან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან არალეგიტიმურად. შესაბამისად მათი განეიტრალება არის ჩვენი ჯარის კომპეტენცია. ჩვენს საჯარისო ნაწილებს დაელოდები თუ იმოქმედებ?
თუ ეს კითხვები არ არის საკმარისი შენს დასარწმუნებლად, მოგიყვანთ სტატისტიკას: 2008 წელს უფრო მეტი სამოქალაქო დაგვეღუპა, ვიდრე სამხედრო და ზოგადად ნებისმიერ კონფლიქტში, სადაც ჩარეულები არიან რუსები, იღუპება უფრო მეტი მშვიდობიანი, ვიდრე მებრძოლი. როცა საქმე გვაქვს რუსეთთან, შენ თუ მშვიდობიანობა გინდა მაშინ შენ ხარ უბრალოდ მოძრავი (ან უძრავი) სამიზნე რომელსაც კარგ შემთხვევაში დაბომბვით გაანადგურებენ, ცუდ შემთხვევაში კი მიაკითხავენ, ახლობლებს უწამებენ, გაუუპატიურებენ და მოუკლავენ, ყველა გამოსადეგარ ნივთს სახლიდან გაუზიდავენ და მენტალურად ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანენ რომ სიკვდილი სანატრელი იყოს. შენი ყოველი ყვირილი და ცრემლი მათ უბრალოდ სიამოვნებას მიანიჭებს. არ გეგონოს რომ ვინმე შეგიბრალებს. ეს უკვე არაერთხელ გვაქვს ნანახი და დანაშაულია ამ კუთხით სირაქლემას პოზაში ყოფნა. ამის საპირწონედ, თუ შენ იბრძვი, ეს ნიშნავს იმას რომ როგორც მინიმუმ სადღაც საფარში ხარ, აკვირდები მოწინააღმდეგეს და უბრალოდ სამიზნედ ჯდომის მაგივრად რაღაც ქმედით ნაბიჯებს დგავ რაც შენს სიცოცხლეს ანარჩუნებს. ამიტომ კარგად გაითავისე: გადარჩენის უფრო მეტი შანსი გაქვს როგორც მებრძოლს, ვიდრე როგორც მშვიდობიანს.
შეიძლება შენ არ ხარ ისეთი ადამიანი ვისაც იარაღის ხელში აღება შეუძლია და ეს იმას არ ნიშნავს რომ ომი არ შეგიძლია. ზოგადი თქმულება არსებობს: ერთ იარაღიან ადამიანზე შვიდი სხვა ადამიანი მოდის, ვინც რაღაც კუთხით უზრუნველყოფას ახდენს. ამერიკელები იარაღიან მებრძოლს ეძახიან “Trigger Puller”-ს, ანუ სასხლეტის გამომკრავს. რეალურად სასხლეტის გამომკრავი აუცილებელ საქმეს აკეთებს, მაგრამ ომის ბედს მარტო ის ვერ წყვეტს. ვიღაცამ ამ სასხლეტის გამომკრავს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოწინააღმდეგეზე. ვიღაცამ მისი ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს. ვიღაცამ უნდა მიაწოდოს საკვები და ტყვია-წამალი. ვიღაცამ დაჭრილების ევაკუაცია და მოვლა უნდა უზრუნველყოს. ამ კუთხითაც შენ ერთვები ომში და შენ ხარ ტოტალური თავდაცვის ნაწილი.
ქართული ტოტალური თავდაცვის პრინციპი გულისხმობს არაკონვენციურ თავდაცვას და აერთიანებს შემდეგს: იატაკქვეშეთი, პარტიზნები და დამხმარეები. იატაკქვეშეთი არის ქვეყნის ლეგიტიმური, ეროვნული მთავრობა. როცა ეს მთავრობა ჩანაცვლდება მარიონეტი მთავრობით (რაც ვიხილეთ ხერსონსა თუ მარიუპოლში, მანამდე ბევრად ადრე კი ჩვენთან – აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში), ლეგიტიმური მთავრობა გადადის საიდუმლო ადგილებზე და იქიდან ახორციელებს კონტროლს როგორც საბრძოლო პარტიზნების ელემენტზე, ისე არასაბრძოლო დამხმარეების ელემენტზე. მიზანი არის მოწინააღმდეგისთვის რაც შეიძლება დიდი ზიანის მოტანა. იმდენად დიდის, რომ რეგიონის შენარჩუნება მათ უბრალოდ არ უღირდეთ და გავიდნენ. ზოგადად ტერიტორიის დაპყრობა ბევრად მარტივია, ვიდრე მისი შენარჩუნება. თითოეული განადგურებული დამპყრობელი, თითოეული მწყობრიდან გამოყვანილი ჯავშანტრანსპორტიორი თუ სხვა ზიანი ითარგმნება ფულში. კრემლში ითვლიან ფულს და ხარჯები მათთვის უნდა იყოს იმდენად დიდი რომ შენს სოფელსა თუ უბანში ყოფნა უბრალოდ არ უღირდეთ. თუ მოცემულობას ამ კუთხით შეხედავ და შენი თითოეული ქმედებისგან გამოწვეულ ზიანს დოლარებში დაითვლი, შეიძლება ისეთ მუღამშიც შეხვიდე რომ დიდ პარტიზან მებრძოლად ჩამოყალიბდე. ახლა შეიძლება გაქვს შემდეგი კითხვები:
მარტო რას გააკეთებ, შენნაირები სად არიან?
რა ახალ ველოსიპედს ვიგონებთ, ვის აქვს ესე თავდაცვა მოწყობილი?!
რეალურად როგორ მოვუტან ზიანს რუსებს?
ჯერ პირველ კითხვაზე გიპასუხებთ. არის ესეთი სამხედრო სამოქალაქო ორგანიზაცია – აისი, სადაც მიღება ხდება 18 წლიდან. ეს არის უბრალოდ თავდაცვის კუთხით მსგავსი ინტერესების ადამიანების გაერთიანება, რომლებიც რეგულარულად გადიან წრთვნებს როგორც ინდივიდუალურად, ისე თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით: მემორანდუმი აქვთ გაფორმებული თავდაცვის სამინისტროსთან და ყოველ წელს ერთვებიან სამხედრო სწავლებების არაკონვენციურ ელემენტებში. ისინი სამხედრო სწავლების ოფიციალური სამოქალაქო მონაწილეები არიან.
ასევე არის უფრო მეტად ცნობილი გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონი, სადაც მიღება ხდება 14 წლიდან 18 წლამდე. აქაც იგივე სტილია ოღონდ არასრულწლოვნები აქ ბავშვობიდან იწყებენ ერთმანეთის გაცნობას, სწავლას და ქვეყნის დაცვის საქმეში ჩართვას. ამ ორგანიზაციასაც ასევე მემორანდუმი აქვს თავდაცვის სამინისტროსთან და ისინიც ანალოგიურად ერთვებიან სწავლებებში. ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს აქვს დაფუძნებული ექსტრემალური მედიცინის ცენტრი, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას ატარებს უმაღლესი ხარისხის სწავლებებს დაჭრილების მოვლასა თუ ევაკუაციასთან მიმართებაში. თუ აქედან არც ერთმა არ დაგაინტერესა, ასევე არსებობს საქართველოს ეარსოფტის ასოციაცია. შეგიძლია უბრალოდ გაწევრიანდე ფეისბუქ ჯგუფში, იყიდო ეარსოფტის იარაღი და ეკიპირება, წახვიდე კვირაობით როცა გინდა ჩაერთო რეალურთან მიმსგავსებულ ბრძოლაში ათობით სხვა ეარსოფტელთან ერთად. ერთი სიტყვით, შენ თუ არაფერში არ ხარ ჩართული და უკანალის აწევა გინდა, გასაქანი არის ძალიან ბევრი და ასობით, ათასობით პატრიოტს გაიცნობ ძალიან მოკლე დროში თუ მოინდომებ.
ახლა მეორე კითხვაზე გიპასუხებთ – ვის აქვს თავდაცვა ასე მოწყობილი? – მთელ NATO-ს. + შვეიცარიას და რამდენიმე სხვა უძლიერეს ქვეყანას. ქვეყნებს, რომლებსაც არც ოკუპირებული ტერიტორიები აქვთ და მეზობლებიც ბევრად კარგი ჰყავთ, ეს სისტემა მაინც ჩვენზე მაგრად აქვთ განვითარებული. მხოლოდ აშშ-ში, იმისთვის რომ სპეცდანიშნულების მებრძოლი გახდე, უნდა გაიარო ფინალური გამოცდა “Robin Sage” – ეს არის 1 თვიანი გამოცდა, რომლის სცენარის მიხედვითაც მთელი აშშ არის ოკუპირებული და კურსანტებს, როგორც სპეცრაზმელებს ჩააგდებენ მტრის ზურგში. ეს სავარჯიშო თავისი სპეციალური დავალებებით ხორციელდება დაახლოებით საქართველოს ზომის ტერიტორიაზე და ამაში მონაწილეობენ სამოქალაქოებიც. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს კონკრეტულ ტერიტორიაზე რაც მოექცევა სწავლების ზონაში, არის სწავლების მონაწილე. მათ შეიძლება ჩართვა მოუწიოთ დაჭრილების ევაკუაციაში, სადაზვერვო ოპერაციებში და სხვა. ბევრ სამოქალაქოს ამ დროს თავისი წინასწარ განსაზღვრული როლიც კი აქვს. მსგავსი ხდება ყველგან და ეს სისტემა ჩვენთან მხოლოდ ახლა ეწყობა, მაზნიაშვილის ლეგიონისა თუ აისი ფორსის ჩართვაც სამხედრო სწავლებებში სწორედ ამაზე მიანიშნებს.
მესამე კითხვა: როგორ მოვუტან ზიანს რუსებს? შენ თუ ახლა სახლში ზიხარ, არც აისი ფორსიდან იცნობ ვინმეს, არც ლეგიონიდან, არც ეარსოფტს თამაშობ, არც სამხედრო საქმესთან ხარ ახლოს და არც იარაღი გიდევს სახლში, ამ მოცემულობით ვერც ვერანაირ ზიანს ვერ მოუტან. პიქირით, აქეთ მოგიტანენ ისეთ ტოტალურ ზიანს რომ ეგ ზიანი საერთოდ ბოლო იქნება რასაც ცხოვრებაში ნახავ. იმისთვის რომ ზიანის მიყენება შეძლო, პირველ რიგში მსგავსი მოტივაციის ხალხი უნდა გაიცნო მანამდე სანამ ეს საჭიროება დაგიდგება.
დავუშვათ ხედავთ რომ პირობითად გომბორზე რუსების ორი ბეტეერი პატრულირებს რეგულარულად. ხართ 20 კაცი, ინდივიდუალური იარაღებით. თავისუფლად შეგიძლიათ ჩასაფრების მოწყობა: ხეს წაუქცევთ გზაზე წინასწარ, ამ ხეს რომ მიუახლოვდებიან ერთ ხესაც უკან წაუქცევთ რომ ყოველი შემთხვევისთვის გაქცევა ვერ შეძლონ და დაბრკოლებასთან როგორც კი გაჩერდებიან დააყრით მოლოტოვებს რომ ბეტეერებში ყოფნა იგივე გახდეს რაც ცეცხლზე შემდგარ ქვაბში ჯდომა. ვინც გადმოვა იმას კიდე პირდაპირი ცეცხლით გაანადგურებთ. კარგ შემთხვევაში ბეტეერებიც გადარჩება და თქვენ ხელში იქნება შემდგომი გამოყენებისთვის, რამდენიმე ტყვესაც აიყვანთ და დამატებით იარაღსაც ამოიღებთ თავისი ტყვია-წამლით.
ესაა სულ, მეტი კი არაფერი და უკრაინის ომშიც არაერთი ესეთი შემთხვევაა ყოველდღე. იქ უფრო კონვენციური სახე აქვს ამ ყველაფერს და სამოქალაქოები, რომლებიც ამას აკეთებენ, ადგილობრივ „ტერიტორიულ თავდაცვაში“ არიან გაერთიანებულები. საერთოდ არაა რთული მტრისთვის ზიანის მიყენება თუ ამისთვის რამეს აკეთებ და თან ჩვენთან ესეთი აქტივობების წარმოება ბევრად მარტივია ვიდრე უკრაინაში. უკრაინაში მთელი აღმოსავლეთი არის თვალუწვდენელი გაშლილი ველი სადაც რუსულ ჯარებს გაშლის და მანევრის თავისუფლება აქვთ. ასეთ პირობებში უკრიანელებს წყალივით ჭირდებათ დიდი რაოდენობით ჯაველინები. რათქმაუნდა ომისას იარაღი ზედმეტი არ არის, მაგრამ ჯაველინის არარსებობის შემთხვევაში ჩვენ მაინც ბევრად მეტი გასაქანი გვაქვს ბუნებრივი რელიეფიდან გამომდინარე, ვიდრე უკრაინელებს აქვთ. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში კუდის ამოძუება და უმოქმედობის არასაკმარის მძიმე იარაღზე დაბრალება არის გაუმართლებელი.
იმისთვის რომ ამ ყოველივესთვის მზად იყო, გჭირდება თავდაცვის საშუალებები. ხე რომ გადაჭრა და გზაზე ჩახერგო, გჭირდება ხელის ხერხი. ნამსხვრევი ან ტყვია რომ მოხვდეს რომელიმე შენიანს, სისხლდენა დროზე უნდა შეუჩერო რომ არ მოკვდეს და ამისთვის გჭირდება ტურნიკეტი. თუ სისხლს დაკარგავს ჰიპოთერმია დაეწყება და საამისოდ გჭირდება თერმული პლედი. დაბომბვისას ჰაერში აყრილი ქვებისგან რომ თავი დაიცვა, გჭირდება ჩაფხუტი. ტყვიისგან რომ მნიშვნელოვანი ორგანოები დაიცვა და იარაღის მჭიდებიც მოხერხებულად ატარო, გჭირდება ჯავშანჟილეტი. ასევე საბრძოლო მდგომარეობისას სუფთა წყლის ერიოზული პრობლემა იქმნება და მოწამვლისგან/დიარეისგან და უარეს შემთხვევაში ბაქტერიული ინფექციისგან თავის დასაზღვევად გჭირდება წყლის ფილტრი. საბრძოლო პოზიციის მოსაწყობად გჭირდება ნიჩაბი. არ იფიქრო რომ ამ ყველაფერს საჭირო დროს სახელმწიფო მოგაწვდის. ჯერ ერთი ვერ მოგაწვდის, მერე რომც მოგაწოდოს ყველაფერს მაინც ვერ მოგცემს და შენზე მორგებული ვერ იქნება, მერე დროც არ გექნება რომ შეისწავლო და შეისისხლხორცო ეს აღჭურვილობა და ამ დროს ტვირთადაც აწვები ქვეყნის თავდაცვას, როცა პირიქით – უნდა ეხმარებოდე.
უამრავი ნივთია რაც გჭირდება და ჩვენი საქმის მთავარი მიზანიც ეგაა რომ გაჩვენოთ ყველაფერი, რაც პოტენციურად შეიძლება დაგჭირდეს, გასწავლოთ მათი გამოყენება და მოგცეთ საშუალება რომ პირად საკუთრებაში გქონდეს.
ნებისმიერ ამერიკელ სამხედროს რომ კითხო რატომ არავინ არასდროს არ დაიპყრობს ამერიკას, არ გიპასუხებენ რომ „იმიტომ რომ ამერიკას ძლიერი ჯარი ყავს“. არც იმას გიპასუხებენ რომ „ამერიკას ატომური ბომბი აქვს“. გაეცინებათ და მათი პასუხი იქნება „იცი ამერიკას რა აღჭურვილი და მომზადებული ხალხი ყავს?! ერთ ქუჩას ვერ გაივლი ისე რომ ვინმეს დაემალო და არ გესროლონ!“. ამას გეუბნებით გამოცდილებით, მართლა ვკითხეთ ეს არაერთ მათგანს. მათთვის ამერიკის სიძლიერის ღერძი არც სახელმწიფო სტრუქტურაა და არც ბომბი რომელიც მაგრად ფეთქდება. მათთვის სიძლიერის ღერძი არის არც მეტი და არც ნაკლები – ხალხი. საქართველოშიც 200 000-მდე რეგისტრირებული იარაღი გვაქვს სამოქალაქო გამოყენებაში. ანუ უხეშად ყოველ 5 ოჯახში 1 იარაღი დევს. ჩვენი ტერიტორია არის ოკუპირებული და ჩვენ გვაქვს ნანახი ომი. და მაინც როგორი უცხოა იარაღი ჩვენი საზოგადოებისთვის… იმდენად უცხო, რომ მათთან მოქცევაც არ ვიცით – გადმოვდგებით და ახალ წელს თუ დაბადების დღეზე ჰაერში ვისვრით, თითქოს ეს ტყვია ან კოსმოსში ადის, ან სადმე ქრება. ზემოდან ჩამომავალი ტყვია ისევე მომაკვდინებელია როგორც ზემოთ ამავალი და ესეც არ ვიცით. უკვე გახმაურებული მსხვერპლიც გამოიწვია ამ დაუდევრობამ და მაინც ვერ ვისწავლეთ.
განიარაღებულობა ტეხავს. უსწავლელობაც ტეხავს. არც ერთი დამპყრობელი წინასწარი დაზვერვისა თუ შეფასების გარეშე ქვეყანაში არ შემოდის. როცა დამპყრობელმა იცის რომ მოქალაქეები სუსტები არიან და საკუთარი თავების დაცვისას მთავრობის იმედად არიან, რათქმაუნდა უფრო შემოვა ვიდრე მაშინ, როცა იცის რომ ნებისმიერი მოქალაქე პოტენციური მკვლელია მათი ჯარისთვის. ამიტომაც, თუ გინდა მშვიდობა – ემზადე ომისთვის. ემზადე ყველანაირად, ეკიპირების შეძენით, სწავლით თუ ახალი მეგობრების გაჩენით.